Geo

    სტატიები/ინტერვიუები

     სტატიები/ინტერვიუები
    მაისი 14, 2013

    Civil.ge: Tata Power, Clean Energy Invest და IFC საქართველოში ჰიდრო პროექტებს განახორციელებენ

    ინდოეთის უმსხვილესმა ინტეგრირებულმა ელექტროენერგეტიკულმა კომპანიამ Tata Power-მა, ნორვეგიულმა  Clean Energy Invest–მა და ფონდმა IFC InfraVentures–მა გასულ კვირას ხელი მოაწერეს შეთანხმებას აჭარაში ჰიდრო პროექტების განხორციელების თაობაზე, რომელთა ჯამური სიმძლავრე 400 მეგავატს, ხოლო საერთო ღირებულება 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.    

    „პროექტის შედეგად მიღებული ელექტროენერგია გავა ექსპორტზე, თავდაპირველად თურქეთში“, – განაცხადა Tata Power-მ 10 მაისს გავრცელებულ პრეს–რელიზში.

    კომპანიის თქმით, პროექტები სამ ეტაპად განხორციელდება და პირველი ეტაპი, რომელიც 185 მეგავატის სიმძლავრეს მოიცავს, სავარაუდოდ 2016 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

    კომპანიები Tata Power და Clean Energy 40-40%-ის ოდენობის წილის მფლობელები იქნებიან, ხოლო ფონდის IFC InfraVentures წილი 20%-ი იქნება. ეს უკანასკნელი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ 2008 წელს შეიქმნა და მისი მიზანია კერძო და საჯარო–კერძო პარტნიორობის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში.

    „საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა სამუშაოდ, ხოლო თურქეთი სწრაფად განვითარებადი ენერგო ბაზარია ევროპაში.  ეს თანამშრომლობა Clean Energy–სთან და IFC–სთან ძლიერ დასაყრდენს გვაძლევს იმისათვის, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი პოტენციალი გამოვიყენოთ“, – განაცხადა Tata Power–ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანილ სარდანამ.

    თებერვლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ  Tata Power და Clean Energy Invest–ი პარტნიორულ ხელშეკრულებას აფორმებდნენ აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის განხორციელებაზე, როდესაც ორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები საქართველოს სტუმრობდნენ და პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს შეხვდნენ.

    საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და Clean Energy Invest-ი 2011 წლის ივნისში მდინარე აჭარისწყლის ჰიდრო ენერგეტიკული რესურსების ათვისების მიზნით ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობაზე შეთანხმდნენ.

    https://civil.ge/ka/archives/151734