კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ განცხადება
გავეცანით სოციალურ მედიაში გავრცელებულ გამოხმაურებას საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩის ჰელენ სანდ ანდერსენის ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ კონფერენციაზე გამოსვლის შესახებ. გამოხმაურება შეიცავს არასწორ ფაქტებს, მოსაზრებებს და უბრალოდ მცდარ ინფორმაციას, რაც მთლიანად სპეკულატიურ ჭრილში წარმოადგენს “შუახევი ჰესის” პროექტს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა ელექტროგენერაციის მიმართულებით. ,,შუახევი ჰესს’’ უკვე წელიწადზე მეტია, რაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების და იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების პროცესში. 2020 წლის დასაწყისიდან ,,შუახევი ჰესი’’ მუშაობს ყოველგვარი ტექნიკური პრობლემის გარეშე და წლის მანძილზე გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ უკვე შეადგინა 300 მილიონი კილოვატ საათი.