ხშირად დასმული კითხვები

მშენებლობა
  1. რამდენია გვირაბების ჯამური სიგრძე?

    37კმ (ამაში შედის მისასვლელი პორტალებიც).  

  2. გვირაბები წყლით ყოველთვის სავსე იქნება?

    როცა ჰესი შევა ექსპლუატაციაში და ელექტროენერგიის გამომუშავებას დაიწყებს გვირაბები სულ წყლით იქნება შევსებული. საინჟინრო/ტექნიკური თვალსაზრისით, გვირაბის მთლიანი შევსება სასურველია ერთხელ მოხდეს და  ამგვარად თავი ავარიდოთ მის ხშირ დაცლასა და შემდგომ თავიდან შევსებას. ინსპექციის მიზნით, ხოლმე მოხდება გვირაბების დაცლა და დათვალიერება, თუმცა ზოგადად იგი სულ წყლით იქნება სავსე.

  3. რა არის გვირაბის დაზიანების მიზეზი? როგორია ლაბორატორიული ანალიზის პასუხები?

    კომპანია დეტალურად იკვლევს გვირაბის დაზიანების მიზეზს. ქანის სინჯები აღებულ იქნა, როგორც დაზიანებული, ასევე არადაზიანებული უბნებიდან. სინჯები იგზავნება საერთაშორისო ლაბორატორიებში ნორვეგიასა და ავსტრიაში. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი და დიდ დროს მოითხოვს. შესაძლოა ლაბორატორიულ კვლევას 6-8 თვე დასჭირდეს, რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს თუ რა ტიპის გამაგრება  არის საჭირო. დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „არადამახასიათებელმა გეოლოგიურმა მდგომარეობამ“ გამოიწვია გვირაბის რამდენიმე უბნის დაზიანება. კომპანიის ყველა ძალისხმევა მიმართულია, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულ დასრულებასა და ჰესის ექსპლუატაციაში გაშვებაზე.

  4. ჰესის ექსპლუატაციის დროს შეიცვლება თუ არა წყლის ხარჯი კაშხლის ქვედა ბიეფში?

    კაშხლის ქვედა ბიეფში წყლის ხარჯი შემცირდება, თუმცა თითოეული კაშხლიდან მოხდება გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ხარჯის გატარება. უხვნალექიანობის ან წყალმოვარდნების დროს ეკოლოგიურ ხარჯთან ერთად მოხდება ზედმეტი ხარჯის გატარებაც.

  5. რა არის დიდაჭარისა და სხალთის კაშხლების სიმაღლე?

    დიდაჭარის კაშხალის სიმაღლეა 52მ, ხოლო სხალთის კაშხალი - 18მ აღწევს.  

  6. როგორ გადადის წყალი წყალსაცავიდან გვირაბებში?

    თითოეულ წყალსაცავს აქვს „გვირაბის წყალმიმღები,“ რომელიც სპეციალური ფარებით იღება და იკეტება. როცა წყალსაცავი წყლით ივსება წყალმიმღების ფარი იღება და დახრილობის გამო წყალი გვირაბში ბუნებრივი ნაკადით მიედინება.   

  7. რამდენად ხშირად მოხდება წყლის გაშვება კაშხლის ქვედა ბიეფში? როგორ ეცნობებათ მოსახლეობას წყლის გაშვების შესახებ?

    წყლის გაშვება თითოეული კაშხლიდან მოხდება შემდეგ შემთხვევაში: 1) წყალსაცავის გარეცხვის დროს, როცა კაშხლის რაბები ღიაა, რათა მოხდეს წყალსაცავში დაგროვილი ნატანის გამოტანა და 2) მაღალი მოდინების პერიოდში, როცა, წყალსაცავში წყლის რაოდენობა აღემატება წყალსაცავის მოცულობას და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის საჭირო წყლის რაოდენობას. გარეცხვა მოხდება სწორედ მაღალი მოდინების პერიოდში, რომელიც წელიწადში ორჯერ მოხდება (მარტი/აპრილი და ოქტომბერი/ნოემბერი). ეს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ მუნიციპალიტეტებს, გარდა ამისა მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილების მიზნით, რაბების გახსნის დროს ჩაირთვება სირენები.     

  8. წყლის გაშვების შემდგომ წყალი მდინარის კალაპოტში რა დონეს მიაღწევს?

    ზოგადად მდინარეში წყლის დონე 1-3 მეტრით მოიმატებს, თუმცა არ გადააჭარბებს იმ დონეს, რაც კალაპოტში პროექტამდე არსეობდა. წყალგაშვების დროს მდინარის ნაპირებიდან წყლის გადმოსვლა არ არის მოსალოდნელი.

  9. სად გაიყიდება გამომუშავებული ელექტროენერგია?

    საქართველოში და ასევე თურქეთშიც. 

  10. შემცირდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი ადგილობრივი მოსახლეობისთვის?

    შუახევი ჰესის მიზანია, რომ ქვეყნის ენერგოქსელს მიაწოდოს სტაბილური ენერგია. დამატებითი ელექტროენერგიის მეშვეობით შემცირდება შუქის გამორთვები და მომხმარებლებს ექნებათ ენერგიის უფრო სტაბილური  წყარო. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, მას ადგენს საქართველოს მთავრობა.

  11. რა არის პროექტის სიცოცხლისუნარიანობა?

    ჰესის სხვადასხვა კომპონენტს აქვს განსხვავებული სიცოცხლისუნარიანობა; მოძრავი ნაწილები, როგორიცაა ტურბინები და გენერატორები განიცდიან უფრო მეტ ცვეთას, ამიტომაც მათი შეცვლა უფრო ხშირად უნდა მოხდეს. სამოქალაქო-საინჟინრო ობიექტები, როგორიცაა კაშხლები, გვირაბები და ჰესის შენობები უფრო დიდ ვადაზეა გათვლილი (50 + წელი). პროექტის განმავლობაში მოხდება ყველა ნაგებობის მონიტორინგი დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.  

გარემოს დაცვა
  1. ჰესის ექსპლუატაციას რა ზეგავლენა ექნება გარემოზე?

    ჩვენი კომპანია 2013 წლიდან ახორციელებს მონიტორინგს მდინარის ჰაბიტატებზე, ძირითადად თევზებზე, ასევე მაკროუხერხემლოებსა და მეზოჰაბიტატებზე, ეს დაკვირვებები ოპერირების ფაზაზეც რეგულარულად გაგრძელდება. მონიტორინგის მონაცემების დამუშავებაში ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო ექსპერტებიც. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდება რაიმე ზემოქმედება გარემოზე, კომპანია განახორციელებს კონკრეტულ შემარბილებელ ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბიომრავალფეროვნებაზე არ დარჩეს რაიმე ნარჩენი ზემოქმედება. ყველა შემარბილებელი ღონისძიების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის მოსალოდნელი, რომ პროექტმა გამოიწვიოს ადგილობრივი ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი შეუქცევადი ზიანი.

  2. ხომ არ გამოიწვევს რაიმე ზემოქმედებას ჰესის ოპერირების დროს კაშხლის ქვედა ბიეფში მცხოვრები მოსახლეობაზე? როგორ დაარწმუნებთ მოსახლეობას, რომ კომპანია დამდვილად ატარებს ეკოლოგიურ ხარჯს?

    კომპანიის მიერ შესწავლილია კაშხლის ქვედა ბიეფში მცხოვრები წყალმოსარგებლეები. კომპანია მოახდენს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ეკოლოგიური ხარჯის გატარებას. კაშხლებზე დამონტაჟებულია ეკოლოგიური ხარჯის მზომი ხელსაწყოები რაც მუდმივ რეჟიმში აღრიცხავს და უზრუნველყოფს საჭირო ოდენობის წყლის გატარებას 24 საათის განმავლობაში. გაშვებული ეკოლოგიური ხარჯის მონაცემები მიეწოდება გარემოს დაცვის სამინისტროს და ასევე, განთავსდება კომპანიის ვებ-გვერდზე. იხილეთ აქ

  3. რა აღდგენით/საკომპენსაციო საქმიანობებს ახორციელებს კომპანია?

    კომპანიამ სოფელ ვაშლოვანსა და დიდაჭარაში,  ხულოს მუნიციპალიტეტში დარგო 2,700 ძირი წითელი ნუსხის ხე კომპანიის მიერ განხორციელებული ტყის ჭრის საკომპენსაციოდ. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს აჭარის სატყეო სააგენტოსთან, რათა საკომპენსაციო ღონისძიებების ფარგლებში ტყის გაშენება-დარგვისათვის მოხდეს დამატებითი მიწის ნაკვეთების გამოყოფა.

  4. როგორ შეირჩა გვირაბიდან გამოტანილი ქანების განთავსების (სანაყაროები) ადგილები და სამომავლოდ როგორ მოხდება მათი მართვა?

    ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა შეარჩიეს ადგილები უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით. კომპანიამ თითოეული სანაყაროსთვის შეიმუშავა „სანაყაროების მართვის გეგმა/პროექტი,“ რომელიც დამტკიცებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

  5. რამდენად სახიფათოა გვირაბიდან გამოტანილი მასალა პირუტყვისთვის და ხომ არ მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე?

    სახიფათო ნამდვილად არ არის. სანაყაროზე განთავსებული მასალა მთლიანად კლდოვანი ქანია, რომელიც გამოტანილ იქნა გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს. მშენებლობის დასრულების შემდგომ მოხდება სანაყაროების აღდგენა-რეკულტივაცია საძოვრებად გამოყენების მიზნით.  

  6. ექნებათ თუ არა ადგილობრივ მოსახლეობას უფლება, რომ სანაყაროები გამოიყენონ კომერციული მიზნებისთვის, ფერმების და/ან სხვა ბიზნეს საქმიანობის საწარმოებლად?

    სანაყაროს მიწები წარმოადგენს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს საკუთრებას და მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საპროექტო მიზნებისთვის. გარდა ამისა, კომპანია ვალდებულია აღადგინოს აღნიშნული სანაყაროები და 2 წლის განმავლობაში განახორციელოს რეაბილიტაციის მონიტორინგი, რის შემდეგაც კომპანია მიწას დაუბრუნებს სახელმწიფოს.

  7. რა ზეგავლენას იქონიებს ჰესის ოპერირება წყაროს წყლებზე?

    მშენებლობის ფაზაზე 2013-2017წწ. კომპანია ახორციელებდა წყაროს წყლის მონიტორინგს 366 წერტილში. მონიტორინგის შედეგები რეგულარულად ეგზავნებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რადგანაც მონიტორინგის პერიოდში არ შეინიშნებოდა რაიმე ზეგავლენა წყაროს წყლებზე, სამინისტროს მითითების თანახმად კომპანიამ შეწყვიტა მონიტორინგი ოპერირების ფაზაზე.   

  8. ჰესის ექსპლუატაცია დააბინძურებს თუ არა მდინარის წყალს?

    ჰიდროენერგია არის სუფთა, განახლებადი ენერგია. კაშხლის ოპერირების დროს მდინარის წყალს დაბინძურების რისკი არ ემუქრება. გარდა ამისა,  „აჭარისწყალი ჯორჯია“ ჩაატარებს წყლის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს.   

მოსახლეობა
  1. გააგრძელებს თუ არა კომპანია სოციალური პროექტების განხორციელებას ოპერირების ფაზაშიც?

    „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს შემუშავებული აქვს ოპერირების ფაზის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ოთხწლიანი სტრატეგია, რომელიც დამტკიცებულია დირექტორთა საბჭოს მიერ. დოკუმენტი ითვალისწინებს გრძელვადიანი სოციალური პროგრამების გაგრძელებას.

  2. ადგილობრივი მოსახლეობა რამდენად იქნება დასაქმებული ოპერირების ფაზაზე?

     

    ამ ეტაპზე ჩვენს კომპანიაში 80%-ზე მეტი ქართველია და მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, როცა თანდათანობით, გეგმის მიხედვით მოხდება უცხოელი სპეციალისტების გაწვევა.

  3. რა ცოდნა და უნარები არის საჭირო ოპერირების ფაზაზე სამუშაოდ?

    ოპერირების ფაზაზე ძირითადად ტექნიკურ-მექანიკური და/ან ელექტროენერგეტიკული განათლების მქონე კადრებია საჭირო. ისინი პასუხისმგებელნი არიან ჰესის გამართულად მუშაობაზე და ასევე, დანადგარების მოვლაზე. დამატებით, ასევე საჭირო იქნება ადმინისტრაციული პერსონალი.

  4. რატომ გასცა კომპანიამ სახლების კომპენსაცია?

    ადგილობრივი მერიის თხოვნის საფუძველზე კომპანიამ ფინანსური დახმარება გაუწია ორივე მუნიციპალიტეტში  სახლების რეაბილიტაციას. აღნიშნული დახმარება გაიცა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

  5. გაგრძელდება თუ არა სოფლის მეურნეობის პროგრამები, კერძოდ მესაქონლეობის პროექტი?

    არა. კომპანიამ უკვე განახორციელა ის ვალდებულებები, რაც მოთხოვნილი იყო საარსებო გარემოს აღდგენის გეგმის მიერ. კომპანია არ აპირებს განახორციელოს დამატები პროექტები იმ მესაკუთრეებისთვის, რომლებმაც არ ჩაერთვენ და მონაწილეობა არ მიიღეს წინა პროექტებში.  

  6. რა გადასახადებს იხდის კომპანია?

    კომპანია იხდის ყველა გადასახადს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, როგორიცაა საშემოსავლო, მოგების, დღგ და ქონების გადასახადი.

  7. შეუძლია თუ არა მოსახლეობას ჩაერთოს კომპანიის მიერ გადახდილი ქონების გადასახადის განკარგვაში?

    ქონების 1% გადასახადს კომპანია იხდის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. თუ როგორ და რა მიზნებისთვის გამოიყენებს მუნიციპალიტეტი ამ თანხას, ეს მერიის გადასაწყვეტია და ინვესტორი ვერ ჩაერევა. თუმცა შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ მერიას ამ საკიხთან დაკავშირებით.

უსაფრთხოება
  1. რა ტიპის უსაფრთხოების ზომები გატარდება კაშხლისა და წყალსაცავის მიმდებარედ?

    კაშხლებთან, წყალსაცავებთან, მდინარეებთან განთავსდება უსაფრთხოების ნიშნები ქართულ ენაზე. გარდა ამისა კაშხლის ქვედა ბიეფში წყლის გაშვების დროს ჩაირთვება სირენები:

    1. a) პირველი სირენა - წყლის გაშვებამდე 15 წუთით ადრე;
    2. b) მეორე სირენა - უშუალოდ წყლის გაშვების დროს;
    3. c) ასევე, საგანგებო სიტუაციების დროს ჩართვება ტალღოვანი სირენები.

    წყლის გაშვებისას მდინარის კალაპოტში მოიმატებს წყლის დონე, თუმცა არ გადავა ბუნებრივი ნაპირებიდან. კომპანიამ აიყვანა უსაფრთხოების პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წყალსაცავის პარამეტრების მონიტორინგზე. მაშველებს აღჭურვილნი იქნებიან პირველადი დახმარებისათვის საჭირო ინვენტარით და იმუშავებენ 24 საათის განმავლობაში ყოველდღე.  

  2. შეიძლება წყალსაცავში თევზაობა?

    არა, თევზაობა წყალსაცავში აკრძალულია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.  

  3. შეიძლება წყალსაცავში ცურვა?

    არა, წყალსაცავში ცურვა აკრძალულია. წყალსაცავის შევსების და გაშვების დროს წყლის დონე მოიმატებს და დაიკლებს 10მ-ის ფარგლებში და სახიფათოა.

  4. რა ზომებს მიიღებთ, რომ ჩვენი პირუტყვი არ ჩავარდეს წყალსაცავში?

    დიდაჭარის წყალსაცავთან ის ადგილები, რომელიც ციცაბოა და მოსახლეობა საძოვრად იყენებს შემოსაზღვრება ღობით. გარდა ამისა, მოსახლეობაც ფრთხილად უნდა იყოს და თვალი ადევნოს, რომ პირუტყვი წყალსაცავში არ ჩავარდეს.  

  5. საგანგებო სიტუაციის დროს ვის უნდა დავუკავშირდეთ?

    აკრიფეთ ნომერი 112. საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის სამმართველო ხელმისაწვდომია 24/7. ნებისმიერი სახის საგანგებო მდომარეობის შემთხვევაში მათ უნდა დაუკავშირდეთ.  

Switch The Language

    Adjaristsqali Georgia LLC is a special purpose vehicle set up to develop the hydropower resources on the Adjaristsqali River and its tributaries, in the Autonomous Republic of Adjara, in South Western Georgia. AGL is a joint venture between India’s Tata Power and Norway's Clean Energy Invest, and IFC, a member of the World Bank Group. IFC has supported the project since its early development, through IFC InfraVentures, which is an early stage project developer launched by IFC.

    ADDRESS

    #1 I.Abashidze str. Batumi, Georgia

    PHONE

    +995 599 71 51 25

    EMAIL

    info@agl.com.com