Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    ივნისი 10, 2025

    შუახევი ჰესს მიმდინარე წელს 100-ზე მეტი მოსწავლე და პედაგოგი სტუმრობდა.

    მიმდინარე თვეში, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ" სოფელ ახალდაბის, ნაღვარევისა და ჩანჩხალოს სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა. ჰესს ჯამურად მაის-ივნისში 100-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

    ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ, საგანმანათლებლო ვიზიტები რეგულარულად იმართება შუახევი ჰესზე. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას განახლებადი ენერგიის შესახებ და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის განვითარებაში.

    ვიზიტორები წარმოადგენდნენ ადგილობრივ თემებს, რომლებიც ცხოვრობენ შუახევი ჰესის დაფარვის არეალში. მათი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა უკეთ გაეცნონ საკუთარ რეგიონში მდებარე ერთ-ერთი უმსხვილესი განახლებადი ენერგიის ობიექტის ფუნქციონირებასა და საქმიანობას.

    ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის ინჟინრებმა სტუმრებს თეორიული ცოდნა გაუზიარეს  ჰესის მუშაობისა  და ენერგოსისტემაში მისი როლის შესახებ, ვიზიტორები ამავდროულად გაეცნენ ჰესზე არსებულ უსაფრთხოების სტანდარტებს, რის შემდგომაც, შესაბამისი ეკიპირებით  სადგური დაათვალიერეს. 

    დაინტერესებული მხარეების მუდმივი ჩართულობა, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის  შემადგენელი ნაწილია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და ღიაობაზე დაფუძნებული ურთიერთობები გრძელვადიანი ნდობის შექმნის საფუძველია.