ისტორიები

SUSTAINABILITY SPOTLIGHT: აჭარისწყალი ჯორჯიას გარემოსდაცვითი სტანდარტი
„აჭარისწყალი ჯორჯია“ ერთ-ერთი წამყვანი ენერგოკომპანიაა საქართველოში, რომელიც 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს ფლობს. ქვეყნის ელექტროენერგიის საერთო გენერაციაში ჰესების წილი 4-5%-ს შეადგენს. ელექტროენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო გამომუშავებასთან ერთად, კომპანიის პრიორიტეტს უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები წარმოადგენს.
ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და ადგილობრივი თემების მხარდაჭერაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების განხორციელებით, კომპანიამ ქართულ ენერგოსექტორში სოციალური მდგრადობის მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა. მშენებლობის დაწყებისთანავე, კომპანიამ სოციალური პროექტების განხორციელება დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და რეგიონის გრძელვადიანი განვითარება იყო. მშენებლობის ეტაპზე, „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დაასაქმა, რომელთა უმეტესობას ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენდა. კომპანია სოციალური პროექტების განხორციელებას ელექტროენერგიის გამომუშავების ეტაპზეც აგრძელებს.
როგორ იცავს და ავითარებს კომპანია გარემოსდაცვით სტანდარტს – აღნიშნულ და სხვა საინტერესო საკითხებზე „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გარემოსდაცვითი შესაბამისობის ხელმძღვანელი, ნინო გაგუა SUSTAINABILITY SPOTLIGHT- ს ესაუბრა
გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ – როგორ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობის მართვა ყოველდღიურ ოპერაციებში, განსაკუთრებით მაღალი რეგულირების სფეროში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა?
შუახევის ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და განახლებადი ენერგიის განვითარებას. იმისათვის, რომ ეს სარგებელი შენარჩუნდეს, მნიშვნელოვანია, ჰესის მშენებლობისა და ოპერირების დროს მაქსიმალურად იყოს დაცული გარემოსდაცვითი მოთხოვნები და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაძლო ზიანი გარემოზე. ამდენად, გარემოსდაცვითი შესაბამისობა, უსაფრთხოების და სოციალურ საკითხებთან ერთად, კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.
ვინაიდან შუახევი ჰესი ისეთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ფინანსდება, როგორიცაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB), კომპანია ვალდებულია, თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს არა მხოლოდ ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, არამედ პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტების გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთანაც. ზემოხსენებული საფინანსო ინსტიტუტების სტანდარტების დაცვა კი გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და მართვას გულისხმობს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მდგრადი განვითარება და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს, როცა შუახევი ჰესის მშენებლობა დაიწყო, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და საფინანსო ინსტიტუტების სტანდარტები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. შესაბამისად, სამართლებრივი და საერთაშორისო ვალდებულებების თანმიმდევრული დაცვა დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. დღეს კი, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესის ფარგლებში, ქართული გარემოსდაცვითი საკანონმდებლო ბაზა საერთაშორისო სტანდარტებს ძალიან დაუახლოვდა. მაგალითად, მიღებულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები, როგორიცაა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც სრულად ეხმიანება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პრინციპებს. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფამ უფრო მკაფიო გახადა მოთხოვნები და, შესაბამისად, ბიზნესისთვის მათი შესრულება უფრო რეალური გახდა. თუმცა, გამოწვევები ისევ რჩება, რაზეც ბიზნესსა და სახელმწიფოს, ერთობლივად, ბევრი სამუშაო აქვს.
ტრანსფორმაციული მმართველობა გულისხმობს, რომ კომპანიები არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ შიდა პროცესებით, არამედ აიღონ პასუხისმგებლობა იმ ზეგავლენაზეც, რომელსაც ისინი საზოგადოებასა და გარემოზე ახდენენ. როგორ ითვალისწინებთ ამ პრინციპს თქვენს საქმიანობაში?
ვფიქრობ, ტრანსფორმაციული მმართველობა შესაძლებლობაა კომპანიებისთვის, არ შემოიფარგლონ მხოლოდ სავალდებულო მოთხოვნების შესრულებით, გაიაზრონ პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და გარემოს წინაშე და იყვნენ დადებითი ცვლილებების ინიციატორები/ განმახორციელებლები.
ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საქმიანობა აჭარის რეგიონზე, მის ეკოსისტემებზე, ადგილობრივ მოსახლეობაზე და, მთლიანად, ენერგეტიკულ სექტორზე ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ იმ შესაძლო ზემოქმედებების იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება წარმოიშვას ჩვენი საქმიანობის შედეგად და ისინი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დახმარებით აღმოვფხვრათ. ამ პროცესში ვიყენებთ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტების ცოდნასა და გამოცდილებას.
მიმაჩნია, რომ „აჭარისწყალი ჯორჯია“ დაარსების დღიდან მაღალი კორპორაციული მდგრადობით გამოირჩევა. კომპანიას ასობით სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტი აქვს განხორციელებული, რაც ხელს უწყობს აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ეკონომიკურ და მდგრად განვითარებას. მათ შორის, დავაფინანსეთ გოდერძის ალპური ბაღის გაშენება, რომელიც რეგიონის ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ტურიზმის განვითარებას ეხმარება, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან მათი ინსტიტუციური განვითარების მხარდასაჭერად, პროფესიული უნარების განვითარების პროგრამების ფარგლებში, გადავამზადეთ ასობით ადგილობრივი მოსახლე, რომლებსაც დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდათ. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, დავაფინანსეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, საბავშვო ბაღებისა და სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა, გზების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია.
ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფორმაციული მმართველობა ჩვენი კომპანიისთვის მხოლოდ კონცეფცია არ არის – იგი ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველია.
რა მექანიზმებს იყენებთ კომპანიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების, რისკების მართვისა და შესაბამისობის დასაცავად? როგორ ხდება საზოგადოების ჩართულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა?
კომპანიას დანერგილი აქვს გარემოს ინტეგრირებული მართვის სისტემა (EMS), რომელიც გვეხმარება რისკების იდენტიფიცირებასა და ეფექტიან მართვაში, საზოგადოების ჩართულობასა და გამჭირვალობის უზრუნველყოფაში.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ის ძირითადი დოკუმენტია,რომლის მეშვეობითაც, 2012 წელს შევძელით შესაძლო ზემოქმედებების იდენტიფიცირება და შემარბილებელი ღონისძიებების შერჩევა. შემდგომ წლებში გარემოსდაცვითი მართვის გეგმებით, განვსაზღვრეთ რისკები სხვადასხვა მიმართულებით, გადავხედეთ ზემოქმედების სახეებს და დავნერგეთ შესაბამისი მონიტორინგები. მაგალითად, ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმის მიხედვით, ვეწევით ბიომრავალფეროვნების – უფრო კონკრეტულად, თევზებისა და წყალზე დამოკიდებული დაცული სახეობების, ფლორის ენდემური სახეობების, წყლის ხარისხისა და გარემოს სხვა ელემენტების მონიტორინგს. შედეგების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება, არის თუ არა ზემოქმედება გარემოზე და საჭიროების შემთხვევაში, იგეგმება შემარბილებელი ან საკომპენსაციო ღონისძიებები. მაგალითად, კომპანიის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ღონისძიებაა თევზსავალის დამონტაჟება ჩირუხის დამბაზე, რომელიც ეფექტიანად მუშაობს. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკომპენსაციო ღონისძიებაა აჭარისწყლის აუზის დათევზიანება ნაკადულის კალმახით. 2020 წლიდან – დღემდე, აჭარისწყლის აუზში 40 000-ზე მეტი ნაკადული დათევზიანდა კალმახით. მნიშვნელოვანია ტყის გაშენების ღონისძიებები – საკომპენსაციო ღონისძიებების ფარგლებში, 10 000-ზე მეტი „წითელი ნუსხის“ ხე დაირგო შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში.
რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობასა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ჯერ კიდევ პროექტის წინასამშენებლო ფაზიდან, კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე, დაინტერესებულ მხარეებთან. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდისთვის საქართველოს კანონმდებლობა ინვესტორს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს არ ავალდებულებდა, კომპანიის ინიციატივით, მაინც ჩატარდა არაერთი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. მშენებლობის ფაზაში კი, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში შეიქმნა საინფორმაციო ცენტრები, რომელთა მეშვეობით, მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიეღო პასუხები.
ჩვენ ოპერირების ფაზაშიც აქტიურად ვმუშაობთ დაინტერესებულ მხარეებთან. კომპანიას დანერგილი აქვს საჩივრების სისტემა, რომელიც ნებისმიერ პირს აძლევს საშუალებას, მოგვმართოს საჩივრით ან კითხვით და რეაგირება დადგენილი ვადების დაცვით მოხდება. ასევე, სოციალური გუნდის წევრები რეგულარულად მართავენ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ თემებთან მათი საჭიროებების დასადგენად და კომპანის მიერ დაგეგმილი აქტივობების გასაცნობად.
გამჭვირვალობას უზრუნველყოფს ისიც, რომ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ხელმისაწვდომია კომპანიის ვებ-გვერდზე, მათ შორის, საჯაროა ინფორმაცია ეკოლოგიური ხარჯის შესახებ და ყველასთვის ხელმისაწვდომია LIVE კამერების მეშვეობით.
როგორ თანამშრომლობთ დაინტერესებულ მხარეებთან, ადგილობრივ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვისა და განვითარებისთვის?
გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპლექსური და რთული საკითხია. ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა და საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.
ადგილობრივ თემებთან შეხვედრები და კომპანიაში არსებული საჩივრების სისტემა ხშირად გამოავლენს ისეთ გარემოსდაცვით საკითხებს, რომლებიც დამატებით კვლევებსა და რეაგირებას მოითხოვს, რაც, შესაბამისად, ხელს უწყობს კომპანიის გაძლიერებას გარემოსდაცვითი სტანდარტების შესრულების კუთხით.
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას, ჩვენი საფინანსო პარტნიორები კომპანიის მიერ სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების შესრულების მონიტორინგს ყოველწლიურად ახორციელებენ. დამატებით, კომპანია მათ წარუდგენს წლიურ ანგარიშს შესაბამისობის შესახებ. ეს პროცესი ხელს უწყობს კომპანიის გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობის პრაქტიკის კიდევ უფრო მეტად დახვეწას.
მნიშვნელოვანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების გათვალისწინება.
რას ურჩევდით სხვა კომპანიებს, რომლებიც ახლა იწყებენ გარემოსდაცვითი სტანდარტების გაძლიერებას და სურთ ტრანსფორმაციული მმართველობის პრინციპების ინტეგრირება?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრანსფორმაციული მმართველობის პრინციპების ინტეგრირება კომპანიისთვის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. ეს პროცესი მოითხოვს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, მზაობას და შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზებას.
აუცილებელია მკაფიო და გაზომვადი გარემოსდაცვითი მიზნების განსაზღვრა, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობას, არამედ გარემოს დაცვის კუთხით ინოვაციების დანერგვასაც. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, დამატებითი რესურსები სჭირდება, თუმცა, ძალისხმევად აუცილებლად ღირს, რადგან ტრანსფორმაციული მმართველობა კომპანიის გრძელვადიანი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. იგი აუმჯობესებს კომპანიის რეპუტაციას, ოპერაციულ ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას.