ისტორიები
SUSTAINABILITY SPOTLIGHT - აღმასრულებელი დირექტორის ინტერვიუ
შუახევის ჰესების კასკადი: ინვესტიცია საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში
ჰიდროენერგია კვლავ რჩება საქართველოს განახლებადი ენერგიის სისტემის ფუნდამენტად და გადამწყვეტ როლს ასრულებს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, იმპორტ დამოკიდებულების შემცირებასა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების მხარდაჭერაში. სექტორში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს შუახევის ჰესების კასკადი – უმსხვილესი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აშენდა.
აჭარისწყალი ჯორჯიას საკუთრებაში არსებული 187 მეგავატიანი კასკადი წარმოადგენს 550 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ისტორიულ ინვესტიციას და საქართველოს ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავების დაახლოებით 4-5%-ს შეადგენს. მასშტაბის გარდა, პროექტი გამოირჩევა მაღალი საექსპლუატაციო საიმედოობით, მოწინავე ციფრული მონიტორინგის სისტემების დანერგვით, გარემოსადმი პასუხისმგებლიანი მიდგომითა და ადგილობრივი საზოგადოების აქტიური ჩართულობით.
ჟურნალთან ინტერვიუში აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, სატიშ ბჰატი, გვიზიარებს ხედვას შუახევის კასკადის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ჰიდროენერგეტიკის როლზე სეზონური მერყეობის დაბალანსებაში, იმ გამოცდილებაზე, რომელიც ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებამ კომპანიას შესძინა და იმ პირობებზე, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის განახლებადი ენერგიის სექტორში მომავალი მდგრადი ინვესტიციების მოსაზიდად.
შუახევის ჰესების კასკადი უმსხვილესი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აშენდა. თქვენი პერსპექტივიდან, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და გრძელვადიანი ენერგოდამოუკიდებლობისთვის?
შუახევის ჰესების კასკადი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედს და გრძელვადიანი ენერგოდამოუკიდებლობის მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. მსოფლიოში, სადაც ენერგოსტაბილურობა სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცა, შუახევის პროექტი უზრუნველყოფს სტაბილური, ადგილობრივად გამომუშავებული განახლებადი ენერგიის მიწოდებას, რაც აძლიერებს ქვეყნის მდგრადობას და ამცირებს დამოკიდებულებას ენერგორესურსების იმპორტზე.
საქართველოს უხვი განახლებადი რესურსები და გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ბუნებრივ უპირატესობას ანიჭებს, შუახევი კი ამ პოტენციალს საიმედო და მართვად ელექტროენერგიად გარდაქმნის. ადგილობრივად გამომუშავებული ენერგიის თითოეული ერთეული აძლიერებს სისტემის სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და განამტკიცებს საქართველოს გეოპოლიტიკურ და ენერგეტიკულ ავტონომიას.
187 მეგავატი დადგმული სიმძლავრითა და დაახლოებით 450 მილიონი კვტ/სთ წლიური გამომუშავებით, რაც საქართველოს ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავების დაახლოებით 4-5%-ს შეადგენს, როგორ უწყობს ხელს შუახევის კასკადი ეროვნული ენერგოსისტემის სტაბილურობასა და საიმედოობას, განსაკუთრებით სეზონური მერყეობების დროს?
ჰიდროენერგეტიკა საქართველოს ენერგოსისტემის ხერხემალია და დადგმული სიმძლავრის თითქმის 75%-ს შეადგენს. შუახევი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, ისე ქსელის სტაბილურობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. მისი კასკადური დიზაინი მოთხოვნის ცვალებადობაზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა, რაც საიმედო და მოქნილ ოპერირებას უზრუნველყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ სეზონურობა განახლებადი ენერგიის სისტემებისთვის თანდაყოლილი გამოწვევაა, შუახევის ოპერაციული მოქნილობა და წყლის რესურსების ოპტიმიზებული მართვა უზრუნველყოფს პროგნოზირებად გამომუშავებასა და რესურსების ეფექტურ გამოყენებას, რაც პროექტს ეროვნული ელექტროგადამცემი ქსელის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ფაქტორად აქცევს.
აჭარისწყალი ჯორჯიამ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში 550 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. რა იყო ძირითადი გამოწვევები ამ მასშტაბის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში და რა გაკვეთილები შეიძლება იყოს ღირებული ქვეყანაში მომავალი მსხვილმასშტაბიანი განახლებადი ენერგიის ინვესტიციებისთვის?
ამ მასშტაბის პროექტის მაღალმთიან რეგიონში განხორციელებას ტექნიკური შესაძლებლობების გარდა, გაცილებით მეტი რამ სჭირდებოდა; ის მოითხოვდა მდგრადობას, კოორდინაციას და გრძელვადიან პასუხისმგებლობას. ძირითად გამოწვევებს შორის იყო რთული გეოლოგია, ლოჯისტიკა და საერთაშორისო სტანდარტების ადგილობრივ პირობებთან ინტეგრირება.
მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ წარმატება დამოკიდებულია ნდობასა და პარტნიორობაზე ინვესტორებს, მთავრობას, ადგილობრივ თემებსა და პროექტის გუნდებს შორის. გადამწყვეტია პროცესებში ადრეული ჩართულობა, გამჭვირვალობა და მდგრადობის პრინციპების დანერგვა პირველივე დღიდან. ამავდროულად, სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩო და სამართლიანი უკუგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად და საქართველოს, როგორც გრძელვადიანი ენერგეტიკული ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ადგილის პოზიციონირებისთვის.
ელექტროენერგიის გამომუშავების გარდა, კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხოებას, გარემოს დაცვასა და სოციალურ პასუხისმგებლობას. როგორ ახერხებთ ბალანსის შენარჩუნებას ჰესების ოპერირებასა და გარემოსდაცვით და სოციალურ მიდგომებს შორის?
ჩვენთვის უსაფრთხოება და მდგრადობა საოპერაციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ენერგია ვერ ჩაითვლება ჭეშმარიტად სუფთად, თუ მისი გამომუშავება იმავდროულად, არ არის უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და ადამიანებისა და გარემოსადმი პატივისცემაზე დაფუძნებული.
ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს გარემოსდაცვით მონიტორინგს, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და წყლის რესურსების პასუხისმგებლიან მართვას. ამავდროულად, ვიცავთ შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრინციპების მკაცრ სტანდარტებს, რაც მუდმივი სწავლებისა და ძლიერი ლიდერობის დამსახურებაა. როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე, ჩვენი საქმიანობა შესაბამისობაშია ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) საერთაშორისო პრინციპებს, რაც უზრუნველყოფს ყველა ოპერაციულ გადაწყვეტილებაში გარემოსდაცვით, სოციალურ და უსაფრთხოების ასპექტებზე ზეგავლენის გათვალისწინებას.
შუახევი ჰესი იყენებს მოწინავე ციფრულ და მონიტორინგის ტექნოლოგიებს, მათ შორის, რეალური დროის მონაცემთა სისტემებსა და პროგნოზირების ინსტრუმენტებს. როგორ გარდაქმნის ციფრული ტრანსფორმაცია ჰიდროელექტროსადგურების ოპერირებას და რატომ არის ის გადამწყვეტი აქტივების გრძელვადიანი საიმედოობისა და მდგრადობისთვის?
ციფრული ტრანსფორმაცია ჰიდროენერგეტიკას რეაქტიული პროცესიდან პროაქტიულ, მონაცემებზე დაფუძნებულ საქმიანობად გარდაქმნის. რეალურ დროში მონიტორინგი, პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურება და მოწინავე ანალიტიკა საშუალებას გვაძლევს, წინასწარ გამოვავლინოთ რისკები, მოვახდინოთ მუშაობის ოპტიმიზაცია და გავაუმჯობესოთ სისტემის საიმედოობა და უსაფრთხოება.
სისტემის საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს წყლის მოდინების პროგნოზირების მოწინავე მეთოდი, რომელიც ამინდის მონაცემებს, ჰიდროლოგიურ ტენდენციებსა და თოვლის საფარის გაზომვებს აერთიანებს. ეს საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალური სიზუსტით განვსაზღვროთ წყლის რესურსების ხელმისაწვდომობა და ზუსტად დავგეგმოთ გენერაცია. დროთა განმავლობაში, ციფრული ინსტრუმენტები გვეხმარება ენერგიის გამომუშავების მაქსიმიზაციაში, გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის პარალელურად, რაც აქტივების ეფექტურ და მდგრად მართვას უზრუნველყოფს.
აჭარისწყალი ჯორჯია ფართოდ არის აღიარებული საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, როგორც კომპანია, რომელიც კორპორაციული პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტებს ნერგავს, განსაკუთრებით – ადგილობრივი დასაქმებისა და საზოგადოების განვითარების ინიციატივების კუთხით. როგორ უწყობს ხელს ეს სოციალური ინვესტიციები პროექტისა და კომპანიის გრძელვადიან წარმატებას?
ადგილობრივ თემთან მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბება გრძელვადიანი წარმატების საფუძველია. პროექტის დაწყების პირველივე დღიდან, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები და განვახორციელოთ ისეთი ინიციატივები, რომლებიც რეგიონს მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და ადგილობრივ დასაქმებაში განხორციელებული ინვესტიციებით ჩვენ ხელი შევუწყვეთ რეგიონულ განვითარებას და, ამავდროულად, გავაძლიერეთ ნდობა და საერთო ღირებულებები.ამ ძალისხმევამ გააძლიერა საზოგადოების მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის მიმართ ხელი შეუწყო გრძელვადიან პარტნიორობას, რაც პროექტის მდგრადობისა და წარმატების საფუძველია.
თქვენი შეფასებით, როგორ განვითარდება ჰიდროენერგეტიკის როლი საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების სტრუქტურაში სამომავლოდ და რა საკვანძო გზავნილი გსურთ, გადასცეთ პოლიტიკოსებსა და ინვესტორებს ქვეყანაში ენერგეტიკის მდგრადი განვითარების მომავლის შესახებ?
ჰიდროენერგეტიკა კვლავაც დარჩება საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების საფუძვლად, რასაც სხვა განახლებადი ტექნოლოგიების მზარდი ინტეგრაცია და უფრო ჭკვიანი ენერგოსისტემები შეავსებს.
ენერგეტიკაში ინვესტიციები მოითხოვს არა მხოლოდ კაპიტალს, არამედ ინვესტორების ნდობასაც. ეპოქაში, რომელსაც ახასიათებს გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, კლიმატის ცვალებადობა და ენერგეტიკული ნაკადების ევოლუცია, ინვესტორები ეძებენ სტაბილურობას, პროგნოზირებადობას და ნამდვილ პარტნიორობას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მზად არიან გრძელვადიანი ინვესტიციები განახორციელონ სუფთა და საიმედო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, ეს მზადყოფნა დამოკიდებულია თანმიმდევრულ კანონმდებლობაზე, გამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღებასა და პოლიტიკის უწყვეტობაზე. სტაბილური ჩარჩოები, საიმედო საბანკო ხელშეკრულებები, ნებართვების დროული მიღება და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რისკის პრემიების შესამცირებლად და ხელმისაწვდომი დაფინანსების მოსაზიდად. ბაზრის მკაფიო სიგნალები, ტარიფების სამართლიანი და პროგნოზირებადი სტრუქტურა, ასევე ნებართვების მიღების გამარტივებული და გამჭვირვალე პროცედურები შექმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო კაპიტალის ფართომასშტაბიანი მოზიდვისთვის და გააძლიერებს საქართველოს, როგორც მდგრადი ინვესტიციებისთვის სანდო და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოზიციონირებას.