სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა აჭარისწყლის ჰიდროენერგო კასკადის პროექტის შესახებ
2011 წლის 1 სექტემბერს კომპანია „ქლინ ენერჯიმ“ ქართული შვილობილი კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მეშვეობით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მიზანი იყო აჭარისწყლის კასკადის შემუშავების ადრეულ ეტაპზე პროექტის წარდგენა და გაცნობა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.
შეხვედრა გახსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ წამალაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ჰიდროენერგეტიკული პროექტის მნიშვნელობას აჭარის ეკონომიკის განვითარებისთვის. პროექტის დირექტორმა ბიორნ ბრანდზაგმა ისაუბრა პროექტის სქემასა და სამომავლო გეგმებზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასების გუნდმა „გამა კონსალტინგმა“ წარადგინა პროექტის წინასწარი შეფასება და გზშ-ს კვლევის ჩატარების გეგმები. ბოლოს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მთავარმა სპეციალისტმა გარემოს საკითხებში აკირა ტანაბემ წარადგინა IFC-ის ჩართულობა პროექტში და მისი გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები, რომლის დაცვითაც უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროექტი.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა,“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა,“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.