სიახლეები
გოდერძის ალპური ბაღის განვითარებას აჭარისწყალი ჯორჯია დააფინანსებს
დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც კომპანია ,,გოდერძის“ ალპური ბაღის განვითარებას 100 000 დოლარით დააფინანსებს.აღნიშნული დაფინანსებით ალპურ ბაღში მოხდება მზის ენერგიის სისტემის და პარკინგის მოწყობა, ბაღის თანამშრომლებისათვის დროებითი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა და აღჭურვა, საპიკნიკე ადგილის და ბუნებრივი ბილიკების მოწყობა, სეპტიკისა და კანალიზაციის მოწყობა, ეკო ტუალეტების და ბილეთების ჯიხურის მშენებლობა, საინფორმაციო ნიშნულებისა და დაფების, რუკების, ბროშურების დიზაინის შემუშავება და ბეჭდვა, ასევე მეფუტკრის სახლის მშენებლობა და მეფუტკრეობის განვითარებისათვის საჭირო ინვენტარით აღჭურვა და ფუტკრის ოჯახების შეძენა.
ალპური ბაღის მშენებლობა და განვითარება დაიწყო მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.
„ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ იღებს ვალდებულებას აიღოს წამყვანი როლი ალპური ბაღის დაგეგმარებაში და გამოიყენოს ამისთვის ყველა საჭირო შიდა რესურსი (მატერიალური, ინტელექტუალური და ტექნიკური). ასევე, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოყოს დამატებითი სახსრები საკუთარ ბიუჯეტში გოდერძის ალპური ბაღისთვის და უზრუნველყოს მისი გამართული ფუნქციონირება.
ხელშეკრულებით განსაზღვრული გრანტის გაცემა მიზნად ისახავს მხარეებმა ხელი შეუწყონ გოდერძის ალპური ბაღის დაარსებასა და განვითარებას, რომელიც იქნება სოფლად ტურიზმის, საგანმანათლებლო და საკვლევი მდგრადი რეგიონალური ცენტრი, სოფლის მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკის სადემონსტრაციო კერა და ამავე დროს სტიმულს მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლებს შესაძლებლობების განვითარებისათვის, რაც ასევე მოიცავს ადგილობრივი პროდუქტების დამატებითი გასაღების ბაზრის შექმნას. ასევე, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბოტანიკურ ბაღს ადგილობრივად სპეციფიკურ მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნებაში; ასევე უზრუნველყოს რელიქტური, ენდემური, იშვიათი, საკვები, სამკურნალო, სამეურნეო, დეკორატიული და სხვა სასარგებლო თვისებებით გამორჩეული სახეობათა ex-situ კონსერვაცია იმისათვის, რომ მოხდეს აჭარის უნიკალური ეკო მრავალფეროვნების კონსერვაცია; მოახდინოს ალპურ ბაღში თავმოყრილი კოლექციის გამოყენება სამეცნიერო, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და ტურისტული მიზნებისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.