სიახლეები
აჭარისწყალი ჯორჯიამ გარემოს დაცვის კვირეულს აღნიშნავს
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ყოველწლიურად გარემოს დაცვის კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდის თანამშრომლები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის ხვდებიან ,,შუახევი ჰესის’’ არეალში მდებარე სკოლების მოსწავლეებს, რათა გაზარდონ მათი ინფორმირებულობა გარემოსდაცვით საკითხებზე.
წელს გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას” მენეჯმენტის წევრები სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლას ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ცნობიერების ამაღლების ტრენინგი ბიომრავალფეროვნების და ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე. ამავდროულად სკოლას გადაეცა სპეციალური ურნები ნარჩენების სეპარირებისთვის. ღონისძიების ფარგლებში კომპანიის თანამშრომლებმა და სკოლის მოსწავლეებმა ერთად დარგეს დეკორატიული ხეები სკოლის ეზოს გამწვანების მიზნით.
,,გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება ,,შუახევი ჰესის’’ ოპერირების არეალში მცხოვრებ თემებში, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალგაზრდა თაობასთან რათა გაიზარდოს მათი ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. გარემოს დაცვის კვირეულის ფარგლებში, სოფელ ნიგაზეულის სკოლის მოსწავლეებს შევხვდით და მივაწოდეთ ინფორმაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და ამავდროულად, მათი ჩართულობით განვახორციელეთ პრაქტიკული აქტივობები. ჩვენი მიზანია, რომ მომავალში გარემოზე ზრუნვა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცეს“ - განაცხადა კომპანიის გარემოსთან შესაბამისობის გუნდის ხელმძღვანელმა ნინო გაგუამ.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია ადამიანების პასუხისმგებლობის გაცნობიერება ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიური ჩართვა.