სიახლეები
დედამიწის დღის კვირეული
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ყოველწლიურად დედამიწის დღის კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდის თანამშრომლები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის ხვდებიან შუახევი ჰესის არეალში მდებარე სკოლების მოსწავლეებს, რათა გაზარდონ მათი ინფორმირებულობა გარემოსდაცვით საკითხებზე.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შუახევის საჯარო სკოლას ესტუმრენ.
,,ჩვენი კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა თაობასთან, რათა გავზარდოთ ცნობიერება გარემოსდაცვითი საკითხებთან მიმართებაში. შუახევი ჰესის ოპერირების არეალში არსებულ სკოლებში ტარდება შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, სადაც არაფორმალურ გარემოში ვესაუბრებით ბიომრავალეფროვნების მნიშვნელობაზე და მისი დაცვის აუცილებლობაზე. დღეს, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩვენი გუნდი აწვდის ინფორმაციას გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და ამავდროულად, მათი ჩართულობით ვახორციელებთ პრაქტიკულ აქტივობებს, რათა მომავალში გარემოზე ზრუნვა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცეს“ – განაცხადა კომპანიის გარემოსთან შესაბამისობის გუნდის ხელმძღვანელმა ნინო გაგუამ.
,,გარემოს დაცვა და კლიმიტის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები დღითი-დღე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება საქართველოსთვის. შესაბამისად, ბიზნეს სექტორი, განსაკუთრებით კი განახლებადი ენერგიების მწარმოებელი კომპანიები დიდი ყურადღებით ეპყრობიან გარემოს დაცვის საკითხებს. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ვიყოთ პასუხისმგებლიანი კომპანია, ავამაღლოთ ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში, მინიმუმამდე შევამციროთ გარემოზე ზემოქმედების რისკები და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მდგრადი განვითრების კუთხით.“ – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაკეშ ნაიკმა.
დედამიწის დღე 1970 წელს დაარსდა და დღეს უკვე მსოფლიოს 175 ქვეყანაში აღინიშნება. ამ ქვეყნებს საქართველო 1990 წელს შეუერთდა. ყოველწლიურად მაზარდია იმ კერძო კომპანიების რიცხვი, რომლებიც დედამიწის დღეს აღნიშნავენ.