სიახლეები
აჭარისწყალი ჯორჯიას პრაშანტ ჯოში უხელმძღვანელებს
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის ,,შუახევიჰესის“ მშენებლობას ასრულებს და ოპერირებისთვის ემზადება. ოპერირების ეტაპიდან კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს რონი სოლბერგს, რომელიც წარმოადგენდა ნორვეგიულ Clean Energy Invest-ს, ცვლის ინდური კომპანია TATA Power-ის წარმომადგენელი პრაშანტ ჯოში.
პრაშანტ ჯოში 23 წელია TATA Power-ში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობს. მისი წარმატებული კარიერა 72 მეგავატი სიმძლავრის „კოპოლი ჰესის“ პროექტით დაიწყო. პრაშანტ ჯოში მართავდა მნიშვნელოვან, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო პროექტებს: ავტომატიზაციის, კორპორაციული მენეჯმენტის, რეგულაციების, ბიზნესის განვითარების მიმართულებით. საქართველოში ჩამოსვლამდე ის ხელმძღვანელობდა ქარის ელექტრო სადგურს – Cennergi-ს სამხრეთ აფრიკაში, რომლის 50% მფლობელი TATA Power-ია.
რონი სოლბერგი კომპანიას 2015 წლის გაზაფხულიდან ხელმძღვანელობდა, მის წარმატებულ საქმიანობას უკავშირდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროექტის ,,შუახევიჰესის’’ მშენებლობის წარმატებით დასრულდება. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ კმაყოფილებას და მადლიერებას გამოხატავს, იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რომელიც რონი სოლბერგმა გასწია, ქვეყნის უმსხვილესი ენერგო პროექტის, 187 მეგავატის სიმძლავრის ,,შუახევიჰესის“ წარმატებით განხორციელებისთვის, დაფინანსების ეტაპიდან ოპერირების ფაზის დაწყებამდე.