ისტორიები
გიორგი თავდგირიძე, ინჟინერი
გიორგი თავდგირიძე პროფესიით ელექტრო ინჟინერია, უკვე 10 წელია ენერგეტიკის სექტორში მუშაობს. ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს - დედაც და მამაც ინჟინრები არიან. ამბობს, რომ ენერგეტიკის სფეროსადმი ინტერესი ბავშვობიდან მოჰყვება, იმ დროიდან, როცა ყოველდღიურად უყურებდა ჰესს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. საბოლოოდ ენერგეტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. გიორგი დღეს ოპერირების ინჟინერია და შუახევი ჰესის პროექტში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობს.
"ენერგეტიკის სფეროს ინტერესი ბავშვობიდან მომყვება. ქედის რაიონში, მახუნცეთში ვცხოვრობ და ბავშვობიდან ვუყურებდი ჰიდრო ელექტროსადგურს, სულ მაინტერესებდა როგორ მუშაობდა, შიგნით რა ხდებოდა, ვკითხულობდი ყველაფერს რაც ამ სფეროს ეხებოდა. საბოლოოდ ჩემი პროფესიული არჩევანიც ენერგეტიკის ინტერესმა განაპირობა“- ამბობს გიორგი.
გიორგის პირველი სამსახური "ენერგოპრო ჯორჯიას’’ უკავშირდება, შემდომ იყო რამდენიმე ენერგო პროექტი, 2015 წელს კი კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ გუნდის წევრი გახდა. მშენებლობიდან ოპერირებამდე, პროექტის განვითარების ყველა ეტაპი გუნდთან ერთად გაიარა.
"ჩვენი გუნდის თითოეული ინჟინრის ყოველდღიური საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე თითოეული ადამიანისთვის. შენ ოპერირების ოთახში ზიხარ, უზრუნველყოფ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საქართველოს ელექტროსისტემისთვის მიწოდებას და სრულად იაზრებ, რომ ის ელექტროენერგია, რომელიც შენი ჩართულობით შუახევი ჰესმა გამოიმუშავა სჭირდებათ ობიექტებს სადაც ათასობით ადამიანია დასაქმებული, სჭირდებათ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. როცა იცი, რომ შენ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობ ორმაგი პასუხისმგებლობით უდგები შენს საქმეს.“ - ამბობს გიორგი.
თვლის რომ წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი უწყვეტი განათლების მიღებაა. გარდა იმ ფასეულობებისა რაც კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ გუნდთან აერთიანებს, მისთვის მნიშვნელოვანია ცოდნის გაღრმავების ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც კომპანია მაღალი ხარისხის ტრენინგებით ასევე საერთაშორისო სასერთიფიკატო თუ დადიპლომო პროგრამებით უზრუნველყოფს კომპანიის თანამშრომლებისთვის.
გიორგის შუახევი ჰესთან ხუთწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. პროექტის მთავარ წარმატებად მიაჩნია ის რომ არაერთ ახალგაზრდა ინჟინერს მიეცა შესაძლებლობა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ენერგო ობიექტში მიეღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.
"ვთვლი, რომ წარმატებული გუნდის ნაწილი ვარ, რომლისთვისაც გადაულახავი გამოწვევები არ არსებობს. გარდა ტექნიკური ცოდნისა, ჩვენი გუნდის წარმატებებს განსაზღვრავს ის ღირებულებები რაც ჩვენ გვაერთიანებს,“ - ამბობს გიორგი თავდგირიძე.