Geo

    ისტორიები

     ისტორიები
    აპრილი 08, 2022

    შალვა გიორგობიანი, ინჟინერი

    შალვა გიორგობიანი პროფესიით ინჟინერია, „შუახევიჰესის“  ელექტრომექანიკურ გუნდს ხელმძღვანელობს. ის კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ 2020 წელს შეუერთდა, თუმცა მისი კარიერა ენერგოსექტორში 2007 წლიდან დაიწყო. მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მისი და მისი გუნდის მიერ „სხალთაჰესის“ წარმატებით ოპერირებაში შესვლა მიაჩნია. ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგოპროექტში მუშაობს, რომელსაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების პროცესში.

    „როცა შუახევიჰესს შემოვუერთდი, კომპანია იწყებდა სხალთაჰესის ექსპლუატაციაში გაშვებას. როგორც თქვენთვის ცნობილია შუახევიჰესი შედგება 187 მგვტ შუახევიჰესისა და 9 მგვტ სიმძლავრის სხალთაჰესისგან. შემიძლია ვთქვა, რომ სხალთაჰესის ოპერირებაში წარმატებით შესვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპი ჩემი მრავალწლიანი საქმიანობისას. დღეს როგორც შუახევიჰესს, ასევე სხალთაჰესს მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ და ამავდროულად პრევენციულად ვგეგმავთ ყველა შესაბამის ქმედებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის გამოწვევა. ელექტროენერგიის გამომუშავების დაწყების დღიდან ორივე ჰესი ოპერირებს წარმატებით და ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევის გარეშე,“ – ამბობს შალვა გიორგობიანი.

    შუახევი ჰესი

    შუახევიჰესი

    შალვას და მისი გუნდის წევრების პასუხისმგებლობა დანადგარების ელექტრული თვალსაზრისით გამართვა და სრულყოფილად ფუნქციონირებაა. წინასწარ აქვთ გაწერილი გეგმა, რასაც მიჰყვებიან. მათი მთავარი მიზანია, ყოველთვის ყველა დანადგარი მწყობრში იყოს და ელექტროენერგიის წარმოება არ შეფერხდეს.

    როგორც შალვა გიორგობიანი ამბობს, იმდენად ზუსტად არის გათვლილი ტექნიკური გეგმა, რომელსაც მიჰყვებიან,  რომ გამოწვევებისა და გაუთვალისწინებელი გარემოებების წინაშე არასდროს დგებიან:

    „ჩვენ ელექტროენერგიის გამომუშავება დავიწყეთ 2020 წელს, უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ. ამ დღიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რაიმე ტიპის რისკის ან გამოწვევის წინაშე დავმდგარიყავით.  ძალიან მაღალია, ერთი მხრივ, გეგმის სტანდარტი, რომელსაც თითოეული გუნდი მიჰყვება და მეორე მხრივ, ყველა მიმართულების გუნდის კოორდინაცია, გუნდურობის გრძნობა, ერთმანეთის მხარდაჭერა. ძალიან კარგი ადამიანებისგან შემდგარი გუნდია, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა დროის დიდ ნაწილს როგორც სამსახურში, ასევე სამსახურს მიღმა ამ ადამიანებთან ერთად ატარებ.“

    შალვა ცხოვრების დიდ ნაწილს სამუშაო დროის დასრულების შემდგომ კომპანიის კემპზე ატარებს, სადაც ინჟინრები ცხოვრობენ. საცხოვრებელი გარემო სრულად აღჭურვილია ჯანმრთელი ცხოვრებისისთვის მნიშვნელოვანი ყველა ინვენტარით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დასაქმებულებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს, კომპანიის თანამშრომელთა უმეტესებას ოჯახის წევრებისგან მოშორებით უწევს დიდი დროის გატარება. შალვა მიიჩნევს, რომ ეს გამოწვევაა, თუმცა როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ამ გამოწვევასაც უმკლავდები.

    „ენერგოკომპანიაში მუშაობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა პროფესიის ადამიანის საქმიანობისგან. შენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ჰესზე ატარებ, საღამოს კომპანიის საცხოვრებელ კომპლექსში რჩები, მეორე დილით კი კვლავ შენი საქმის გასაგრძელებლად მიდიხარ. შენი პასუხისმგებლობა დიდია, იცი, რომ კომპანიის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ და თითოეულ მათგანთან ერთად სინქრონულად უნდა იმუშავო დასახული მიზნის მისაღწევად. ჩვენი საერთო, ყოველდღიური მიზანი ელექტროენერგიის უსაფრთხო წარმოება და ელექტროსისტემისთვის მიწოდებაა, საიდანაც უკვე ჩვენი ქვეყნის თოთოეულ მოქალაქემდე აღწევს ელექტროენერგია. ამ საქმიანობის წარმატებით განხორციელების პროცესში ჩემი და ჩემი გუნდის წვლილი მნიშვნელოვანია,“- ამბობს შალვა გიორგობიანი.

    მიაჩნია, რომ კომპანიის წარმატებაში უცხოელი პროფესიონალების როლი დიდია. მათთან ერთად ყოველდღიური საქმიანობა თოთოეულ ინჟინერს განვითარებაში ეხმარება.

    „როგორც სხვა დარგები, ასევე ენერგეტიკა მუდმივად ვითარდება. ჩვენს დროში ეს ტემპი კიდევ უფრო სწრაფია. კარგი გრძნობაა, როცა წარმატებული გუნდის ნაწილი ხარ, რომელიც სულ სწავლობს, წინ მიდის, ვითარდება,  ამავდროულად მუდმივი წვდომა გაქვს დარგში არსებულ ყველა ტექნოლოგიურ პროგრესზე,“ – ამბობს შალვა გორგობიანი.

    https://netgazeti.ge/news/610927/