სტატიები/ინტერვიუები
ტყის გაშენება, მდინარის დათევზიანება და ფრინველთა თავშესაფრები – „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ინიციატივები
გარემოსდაცვითი საკითხები კომპანიისთვის „აჭარისწყალი ჯორჯია“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანიის მიზანია გარემოსდაცვითი ვალდებულებები განახორციელოს პროექტის მფლობელი საერთაშორისო კომპანიების, დამფინანსებელი ბანკებისა და ქართულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.
კომპანია ახორციელებს აჭარისწყლის აუზის ნაკადულის კალმახით დათევზიანებას, რაშიც ადგილობრივი თევზსაშენი და ქართველი იქთიოლოგები არიან ჩართული.
ნაკადულის კალმახი საქართველოს ,,წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. კომპანია შემდგომ წლებშიც გააგრძელებს აჭარისწყლის აუზის დათევზიანებასა და პოპულაციის მონიტორინგს.
როგორც ამ პროცესში ჩართული იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ამბობს მდინარე აჭარისწყალზე იქთიოფაუნის ყოველწლიური მონიტორინგი 2014 წლიდან წარმოებს:
„ოთხივე სეზონზე ტარდება მონიტორინგი, კერძოდ 15 სადგურზე. ეს სადგურები განთავსებულია როგორც ჰესის გავლენის ზონაში ასევე იმ წერტილებში, რომელიც არ არის ჰესის გავლენის ქვეშ.
ნაკადულის კალმახის ლიფსიტები 2021 წლის მარტში გავუშვით აჭარისწყლის აუზში: მდინარე ჩირუხში, აჭარისწყალსა და სხალთაში. გაშვებისც მერეც მიმდინარეობს მონიტორინგი და ვაკვირდებით პოპულაციას, რომ ვნახოთ რა მდგომარეობაშია. ამ მონაცემების შესაბამისად განვსაზღვრავთ რას ვიზამთ. თუ პოპულაცია კარგად გამრავლდა შესაძლოა დროებით შევაყოვნოთ დათევზიანება, თუ ვერ გამრავლდა სათანადოდ ცხადია გავზრდით ყოველწლიურად მდინარეებში გაშვებული ლიფსიტების რიცხვს“ – ამბობს იქთიოლოგი.
გარემოსდაცვითი მიმართულებით გარდა მდინარეების დათევზიანებისა, კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯია“ 15 ათასზე მეტი ადგილობრივი სახეობის ნერგი დარგო შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
მათგან 900 ნერგის სახეობა „წითელი ნუსხიდანაა“: კაკალი, წაბლი, თელა და უხრავი.
ხეები დაირგო 9,5 ჰექტარ ფართობზე „ველური ბუნების სააგენტოს“ მიერ. ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაფინანსებით, მოეწყო ასევე ადგილობრივი ხე-მცენარეების სანერგე.
ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი ზურაბ მანველიძე უშუალოდაა ჩაბმული ტყის განაშენიანების პროცესში და საკუთარ დაკვირვებებზე საუბრობს:
„ერთია ნერგების დარგვა და მეორეა გახარების პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად მიდგომა ასეთია ტყის გაშენებისას: თუ ნარგავების 75 % გაიხარებს დამაკმაყოფილებელია, 50 %-იც კარგ გახარებად მიიჩნევა.
50%-ზე დაბალი მაჩვენებელი უარყოფითად ფასდება, უშედეგოდ და ამ შემთხვევაში ვერ აღადგენ ტყეს, ჰაბიტატებს.
ჩვენს შემთხვევაში 85, 86 %-ით გაიხარა ყველა სახეობამ. კარგი შედეგია მიღებული.
აჭარაში ასეთი ტენდენციაა, ოღონდ რამის აღდგენა სცადე, ბუნება არ დაგაღალატებს და კარგად იხარებს ხეები. ასე არაა ყველგან. საქართველოში ტყიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 38% ია, აჭარაში კი ტყიანობის მაჩვენებელი 68 % – ია.’’ – ამბობს სპეციალისტი ზურაბ მანველიძე.
სოფელ სხალთის, ახალდაბისა და დიდაჭარის ტყეებში განთავსდა ღამურებისა და ფრინველებისთვის ხელოვნური ბუდეები ხე-მცენარეებზე, დაახლოებით 100-მდე ხელოვნური თავშესაფარი.
დამოტაჟებიდან დღემდე მიმდინარეობს ხელოვნური ბუდეების მონიტორინგი, რათა ეფექტიანობა დადგინდეს. ამ ეტაპზე ფრინველებმა თავშესაფრების 75% აითვისეს და გამოიყენეს.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ დაქირავებული ექსპერთა ჯგუფი 2013 წლიდან ინტერნსიურად აკვირდება შუახევი ჰესის პროექტის არეალის ბიომრავალფეროვნებას. მსხვილ ძუძუმწოვრებზე მონიტორინგის წარმოების მიზნით შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპანიამ განათავსა 30 ფოტოხაფანგი.
მსხვილი ძუძუმწოვრების მონიტორინგის პროცესში აქტიურად გამოიყენება ფოტოხაფანგები. შედეგებს კი აფასებენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები, რათა საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს დამატებითი შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები.
ფოტოხაფანგებით მეცნიერებს აჭარის რეგიონში მსხვილი ძუძუმწოვრების, კერძოდ, შვლის, დათვის,მელას, ტურის, ფოცხვერის და სხვათა შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
აღნიშნული გარემოსდაცვითი ღონისძიებები მხოლოდ ნაწილია იმ საქმიანობის, რასაც კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ყოველდრიურად ახორციელებს. ეს პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.