სტატიები/ინტერვიუები
ქალთა გაძლიერების პროექტები
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია'' ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, აფინანსებს პროგრამას „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის“.
პროგრამის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა; ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.
პრიორიტეტული მიმართულებებია: ტურიზმი, ტურისტული სერვისები, ტურიზმთან დაკავშირებული წარმოება, ნებისმიერი სახის მომსახურება; ინოვაციური იდეები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აგრო და ეკოტურიზმის განვითარებას; სოციალური/საგანმანათლებლო საკითხები და სოფლის მეურნეობის მეორადი პროდუქტების წარმოება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წელს მიღწეულ მოქალაქეს, ფიზიკურ პირს – ქალს ან ქალთა საინიციატივო ჯგუფს.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც პროექტში ფინანსურ თანამონაწილეობას ითვალისწინებს. ჯამურად „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანამონაწილეობა 50 000 ლარს შეადგენს.
„ადგილობრივი ქალების მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური გაძლიერება კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ შუახევიჰესის მშენებლობის საწყისი ეტაპიდან მხარს ვუჭერთ რეგიონის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ მიერ განხორციელებული ასობით სოციალური პროექტით. შუახევიჰესის არეალში მცხოვრები თემების მხარდაჭერას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ“ – განაცხადა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალური გუნდის წარმომადგენელმა, ინგული დავითაძემ.