სიახლეები
სატიშ ბჰატი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა, გაეროს გლობალური ქსელის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში, საპანელო დიკუსიაში ,,Accelerating the Renewable Energy Transition" მონაწილეობა მიიღო.
კონფერენციას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, კორპორაციული მდგრადობის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და გაეროს გლობალური შეთანხმების ლოკალური ქსელები ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.
სატიშ ბჰატმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე, გამოყო ოთხი ძირითადი კატეგორია: ძლიერი პოლიტიკის ჩარჩო, დამხმარე მიწოდების ჯაჭვი, დაფინანსება და მდგრადი ოპერაციები.
განახლებადი ენერგიის სექტორში საკუთარი გამოცდილებიდან მაგალითების მოყვანით, ის შეეხო სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა მოთხოვნის შექმნა, სიმძლავრის განაწილება, ქსელის კოდებთან შესაბამისობა და ინტეგრაცია. მან აღნიშნა, რომ ისეთი საკითხები, როგორიც არის დისპეჩერიზაცია, გადახდის უსაფრთხოება და ძლიერი მარეგულირებელი ჩარჩო, მთავარია ინვესტორების ნდობის უზრუნველსაყოფად, რაც ინვესტიციების გაძლიერებას გამოიწვევს.
სატიშ ბჰატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო გეგმები განავითაროს განახლებადი ენერგიის წყაროები არა მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ ექსპორტის მიმართულებით.