Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ივნისი 05, 2026

    ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ გარემოს დაცვის კვირეულს აღნიშნავს

    გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ გარემოს დაცვის კვირეულს ტრადიციულად შუახევი ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.

    კვირეულის ფარგლებში, კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდი და მენეჯმენტის წარმომადგენლები სხალთის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს ქაღალდისა და პლასტიკის ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის განკუთვნილი ურნები გადასცეს. კომპანია უზრუნველყოფს შეგროვებული ნარჩენების გატანასა და შესაბამის გადამამუშავებელ პუნქტებში ტრანსპორტირებას.

    ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის გარემოსდაცვით რეგულაციებთან შესაბამისობის ხელმძღვანელმა, ნინო გაგუამ, მოსწავლეებისთვის ინტერაქციული პრეზენტაცია ჩაატარა. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მართვა, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ტყეების დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების მაღალი პასუხისმგებლობით გამოყენება.

    „დღეს ჩვენ ვეწვიეთ სხალთის საჯარო სკოლას და გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მოსწავლეებთან ერთად აღვნიშნეთ. ჩვენი მიზანია, ბავშვებთან ვისაუბროთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების პროცესზე. გვინდა მათ დავანახოთ, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია გარემოზე ზრუნვა და რომ სწორედ პატარა ნაბიჯები ქმნის დიდ ცვლილებებს,“ — განაცხადა, ნინო გაგუამ.

    „ჩვენი სკოლა უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიასთან“ სხვადასხვა გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლის ტერიტორიის გამწვანების პროექტი, რომლის დროსაც კომპანიამ სკოლას ნერგები გადასცა, ხოლო მათი დარგვის პროცესში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. დღევანდელი შეხვედრაც ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული იყო. მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე, ამავდროულად თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში და საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებდნენ,“ — განაცხადა სხალთის საჯარო სკოლის დირექტორმა, თემურ შაინიძემ.

    საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, შუახევი ჰესის ხელმძღვანელი და სხვადასხვა მიმართულების მენეჯერები.„აჭარისწყალი ჯორჯია“ გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით რეგულარულად ახორციელებს გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო ინიციატივებს.