პრეს რელიზი
ტურიზმის მხარდაჭერა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ორგანიზებით ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, 15 დეკემბერს მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის მხარდაჭერის კონფერენცია გაიმართა. აღნიშნული კონფერენციის მიზანი იყო მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა, რომელშიც ჩართული იქნებიან კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი, შუახევი ჰესის ოპერირების დირექტორი ნარეშ თელგუ, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია. ასევე, საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა სიტყვით მიმარტა დამსწრე საზოგადოებას და განაცხადა: „დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ ერთად შევიკრიბოთ როგორც მთავრობის, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ვიმსჯელოთ აჭარის რეგიონის გრძელვადინი, მდგრადი განვითარების ახალ გზებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროექტის მშენებლობა მალე დასრულდება, ჩვენ ოპერირების ფაზაზეც გავაგრძელებთ სოციალური პროგრამების განხორციელებას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი აქტიური ჩართულობა აჭარის განვითარებაში კვლავ გაგრძელდება. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ახალი მიმართულებაა მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა.“
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბერძენიშვილმა განაცხადა: „2017 წელს მაღალმთიანი აჭარის ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება. ჩვენ გავზარდეთ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი ერთ მილიონ ლარამდე, რადგან მოხდეს ტურისტული პროდუქტების განვითარება მთაში. მიმდინარე წელს სააგენტომ განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ტურისტული მარშრუტების მარკირება, ასევე სხვადასხვა თემატური ფესტივალების ორგანიზება. თუმცა სააგენტოს პროექტები მომავალი წლისთვის კიდევ უფრო დატვირთული იქნება. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, ის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან უნდა მოხდეს კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა მაღალმთიანი აჭარის ტურიზმის განვითარებაში და ამგვარად ორივე მხარემ ხელი შევუწყოთ ნაყოფიერ თანამშრომლობას.“
შუახევი ჰესის ოპერირების დირექტორმა ნარეშ თელგუმ წარადგინა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და აღნიშნა: „შუახევი ჰესი არის პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პროექტის არეალში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა. ჩვენ განვახორციელეთ სოციალური პროექტები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა განათლება და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება და თემების გაძლიერება. ტურიზმის განვითარება – ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მაღალმთიანი აჭარისთვის. დღევანდელი კონფერენცია შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ერთად განვიხილოთ გამოწვევები და დავსახოთ გზები ტურიზმის პოტენციალის განვითარებისთვის.“
კონფერენცია მოიცავდა დისკუსიასაც არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. მონაწილეებმა დასახეს გზები ტურიზმის მხარდაჭერისა და შექმნეს მნიშვნელოვანი წინაპირობა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გრძელვადიანი გეგმის მხარდაჭერისა.
კომპანიის ინიციატივა განხილულ იქმნა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მიერ. „აჭარისწყალი ჯორჯია“ საქართველოში უმსხვილესი ინვესტორია ენერგო სექტორში, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამავდროულად, კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას. ყველაზე კარგი აღნიშნულ პროექტებში არის ის, რომ ამ პროცესებში ჩართულია, როგორ კერძო, ასევე საჯარო და არასამათავრობო სექტორი“ აღნიშნა კონფერენციის მონაწილემ ტიტე აროშიძემ.
შუახევი ჰესის მშენებლობის დაწყების პირველვე ეტაპიდან კომპანია ორიენტირებული იყო მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიან განვითარებაზე. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში 70-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელდა.