Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ოქტომბერი 01, 2026

    სტაჟირება შუახევი ჰესზე - შესაძლებლობა საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის

    ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ სტუდენტების სტაჟირების პროგრამას აგრძელებს. პროგრამა „შუახევი ჰესის“ მშენებლობის ეტაპიდან ხორციელდება და პრაქტიკული ცოდნის მიღებას, პროფესიული უნარების განვითარებასა და ენერგეტიკის სექტორში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

    როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების ხელმომწერი კომპანია, „აჭარისწყალი ჯორჯია“ მხარს უჭერს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. სტაჟირების პროგრამა ამ მიმართულებით კომპანიის საქმიანობის ნაწილია და ხარისხიანი განათლების, გენდერული თანასწორობისა და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.

    „ჩვენი მიზანია ისეთი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, სადაც ქალებსა და კაცებს ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები ენერგეტიკის სექტორში, პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია სტაჟირება და ახალგაზრდა პროფესიონალებთან მუშაობა“, - განაცხადა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა.

    პროგრამის ფარგლებში კომპანიაში სტაჟირება გაიარა პრინსტონის უნივერსიტეტის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მანო კვარაცხელიამ. სტაჟირებაში ჩართული იყო კომპანიის ყველა დეპარტამენტი. მანო გაეცნო ენერგეტიკული პროექტის მართვის პროცესებს, დეპარტამენტების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს, ასევე მათ შორის კოორდინაციის მექანიზმებს. პროგრამა მოიცავდა ენერგეტიკულ ობიექტებზე ვიზიტებს, ტექნიკური და საოპერაციო საქმიანობის გაცნობას და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან მუშაობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების წესებსა და საინჟინრო საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს.
    „სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ პირდაპირი კონტაქტი მოქმედ პროფესიონალებთან, დასვან ტექნიკური კითხვები და ზუსტად დაინახონ, რა სჭირდებათ ამ სექტორში წარმატებული კარიერისთვის“, — აღნიშნა „შუახევი ჰესის“ სამოქალაქო ინჟინერმა და მანოს ერთ-ერთმა მენტორმა გოგიტა ბოლქვაძემ.

    სტაჟირებისას მიღებული გამოცდილების საფუძველზე მანო კვარაცხელია გეგმავს, პრინსტონში სწავლის პერიოდში საქართველოს მდინარეების ჰიდროლოგიური მახასიათებლებისა და შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხები შეისწავლოს.
    „ჩემი აზრით, ამ მიმართულებით უნივერსიტეტში მუშაობა დამეხმარება, რომ ამ საკითხს კიდევ უფრო მეტად ჩავუღრმავდე და ზუსტად ამ პრობლემაზე დავწერო - ჰიდროლოგიის მახასიათებლების და მონაცემების ნაკლებობის საკითხი“, - განაცხადა მანო კვარაცხელიამ.

    სტუდენტი სამომავლოდ კვლევის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე გაგრძელებას გეგმავს და სურს, მიღებული ცოდნა საქართველოს ენერგეტიკის განვითარებას მოახმაროს.

    წლების განმავლობაში „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სტაჟირების პროგრამაში ათობით ახალგაზრდა ინჟინერი მონაწილეობდა. მათ შორის არიან კომპანიის მოქმედი თანამშრომლები, რომლებმაც პროფესიული საქმიანობა „შუახევი ჰესის“ მშენებლობის ეტაპზე დაიწყეს. კომპანია სტუდენტების პრაქტიკულ მომზადებასა და ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.