პრეს რელიზი
შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან
დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორს, ჩანდრაშეხარ დამლეს, მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორს ნანა გურგენიძეს და ფინანსურ მენჯერს თამარ ლომიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ფინანსთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგოპროექტის – „შუახევიჰესის“ მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ. საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა საქართველოს მთავრობას და პირადად ფინანსთა მინისტრს, მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში თავად შეძლებს ადგილზე გაეცნოს მიმდინარე სამუშაოებს. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილი საგადასახადო რეფორმის შესახებ, რომელიც მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი.