პრეს რელიზი
შუახევი ჰესის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცეპრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ინდოეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის TATA POWER–ის აღმასრულებელი დირექტორი ანილ სარდანა, Clean Energy Invest-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბარდ მიკელსენი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენი, EBRD-ის ასოცირებული დირექტორი და უფროსი ბანკირი დავით მანაგაძე, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი სამარენდრა სინკი და ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, პრაშანტ ჯოში საქართველოს ენერგოსექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის, ,,შუახევი ჰესის“ მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრნენ.
,,შუახევი ჰესის“ მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით. დერივაცია ხორციელდება გვირაბების საშუალებით. ,,შუახევიჰესის“ გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და ის მეორე ყველაზე გრძელი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია მსოფლიოში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 730 საქართველოს მოქალაქე. ,,შუახევი ჰესი“ ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე საქართველოში აშენებულა.
ოპერირების დაწყების შემდგომ, ,,შუახევი ჰესის“ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში. ჰიდროელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტის დროს მთლიანად დარჩება საქართველოში.
,,შუახევიჰესი“ პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. ,,შუახევიჰესი“ გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.
შუახევიჰესის პროექტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ენერგო სექტორის განვითარების და ახალგაზრდა ქართველი ინჟინრების მომზადების პროცესში. კომპანიის თანამშრომლების 90% ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები შეადგენენ, მშენებლობაზე სტაჟირებას გადიოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთა უმეტესობაც დღეს უკვე კომპანიის თანამშრომელია.
,,აჭარისწყალი ჯორჯია“, ,,შუახევიჰესის“ მშენებლობის დაწყების პირველი დღიდან ხელს უწყობს პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებას და რეგიონის გრძელვადიან განვითარებას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ 70-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელა, რომელთა უმეტესობაც დაიგეგმა სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში. ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო, ადგილობრივი თემების განვითარების პროექტებში ჯამურად ჩართული იყო 10 000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები. ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აფინანსებს საქართველოში ყველაზე დიდი ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობას გოდერძის საკურორტო ზონაში, რითაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ასევე, ხულოს სამკერვალო ქარხანას, სადაც 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდება ადგილობრივი მოსახლების ჩართულობით.