Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    აპრილი 24, 2022

    შუახევი ჰესზე სტუდენტების სტაჟირება იწყება

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესზე სტაჟირების პროგრამას იწყებს. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს 20 სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, რომ კომპანიაში სტაჟირება გაიაროს.

    სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები გადაადგილდებიან სხვადასხვა ობიექტებზე: ელექტროსადგური, კაშხლები, წყალმიმღები, იმუშავებენ ელექტრომექანიკური განყოფილების ზედამხედველობის ქვეშ.  სტუდენტები გაეცნობიან ელექტროენერგიის წარმოების სხვადასხვა ასპექტს, იმუშავებენ მაღალი ძაბვის ობიექტებზე, შეისწავლიან უსაფრთხოების საკითხებს,  შეძლებენ თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. სტაჟირების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

    შუახევი ჰესზე სტაჟირებას სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში გაივლიან.  მათ ამავდროულად დაენიშნებათ სტიპენდია. სტუდენტები, რომლებიც არ ცხოვრობენ აჭარაში,  უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და საცხოვრებელი ადგილით.

    ,,შუახევი ჰესის მშენებლობიდან ოპერირების ჩათვლით, ჩვენ არაერთ ადამიანს მივეცით შესაძლებლობა, რომ ჩვენს კომპანიაში ცოდნა და გამოცდილება შეეძინა. ქართულ ენერგო სექტორს სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტექნიკური დარგის სპეციალისტები,  ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ენერგო სექტორის განვითარებას და მომავალ თაობას მივცეთ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგო პროექტში.  ჩვენ ვაცხადებთ სტაჟირების პროგრამას შუახევი ჰესზე და ველით დაინტერესებულ სტუდენტებს“ – განაცხადა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელმა, დირექტორმა რაკეშ ნაიკმა.

    კომპანიის მენეჯმენტი უკვე შეხვდა ადგილობრივი პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს და გააცნო ინფორმაცია, როგორც შუახევი ჰესის ოპერირების, ასევე სტაჟირების პროგრამის შესახებ, ამავდროულად დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან. შუახევი ჰესზე სტაჟირების პროგრამა მაისში დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.